ლიგის სანახაობრივი ფინალი - მესამე ადგილი და კონფერენც ლიგის საგზური „დილამ“ დაისაკუთრა
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ბოლო შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივსა“ და გორის „დილას“ შორის მნიშვნელოვანი იყო. ამან შეხვედრის ხასიათი განაპირობა და ძალიან დაძაბული, შემტევი და სანახაობრივი გამოდგა.
17 ტურის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივი“ 29 ქულით მესამე ადგილზე იყო, ხოლო გორის „დილა“ 27 ქულით მეოთხეზე იმყოფებოდა. ამ შეხვედრაში წყდებოდა, ვინ მოიპოვებდა უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციის ლიგაზე მონაწილეობის უფლებას.
გორელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმში დავით მაისაშვილის გატანილი გოლით მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. შესვენებამდე ორივე გუნდს მთავარ არბიტრთან პრეტენზიები ჰქონდა და ორივე მხარე პენალტს ითხოვდა, მაგრამ ირაკლი კვირიკაშვილმა მათი პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნია და პენალტი არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ დანიშნა.
51-ე წუთზე „ლოკომოტივი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მიკოლა კოვტალიუკის დარტყმის შემდეგ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა სანდრო გურეშიძემ, რომელსაც არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, თბილისელთა კარში კი პენალტი დანიშნა, რომელიც მიკოლა კოვტალიუკმა უნაკლოდ გამოიყენა და „დილას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
კაცნაკლული „ლოკომოტივი“ ამან არ შეაშინა, მთელი ძალებით შეუტია და 61-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გორელთა კარი ირაკლი სიხარულიძემ აიღო – 1:2, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ, „დილამ“ 1:2 მოიგო.
გორელებმა 30 ქულა დააგროვეს და საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებთან ერთად და უეფა-ს კონფერენც ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. თბილისის „ლოკომოტივი“ კი 29 ქულით მეოთხე ადგილზე დაქვეითდა და ევროტურნირის გარეშე დარჩა.