ლიგა 2-ში სეზონი უხვგოლიანი თამაშებით დაიწყო - სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი ჯანელიძემ შეასრულა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში ახალი სეზონი დაიწყო. პირველი ტურის პირველი სათამაშო დღე უხვგოლიანი გამოდგა. სამ მატჩში 12 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ ოთხი გოლი თამაშში. სამივე მატჩის დაწყებამდე გუნდებმა მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს.
შევარდენი 1906 – შუქურა 2:6
ყველაზე მეტი გოლი კასპის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გავიდა. ქობულეთის „შუქურამ“ გასვლაზე „შევარდენი 1906“-თან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნების ამბიცია სტარტზევე დააფიქსირა – სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი გიორგი ჯანელიძემ (8, 25, 41) შეასრულა, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა – დუბლი (15, 29), ერთი გოლიც ვაკო თევდორაძის (85) ანგარიშზეა. მასპინძლებიდან კი გოლები იგორ კირიენკომ (52) და ოთარ გაგნიძემ (89) გაიტანეს.
მერანი მრ – რუსთავი 3:2
მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ უხვგოლიანი მატჩი „მერანის“გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებიდან გოლები თორნიკე მუზაშვილმა (13), ნიკოლოზ აფაქიძემ (65) და დათა წულაიამ (90+1) გაიტანეს, სტუმრებიდან კი დიმა შარიქაძემ (45′) და პაატა კიტეიშვილმა (90+3).
მერანი თბ – სპაერი 1:0
„სპაერის“ სტადიონზე უცნაური ის იყო, რომ „სპაერი“ სტუმრის როლში მოგვევლინა, ხოლო თბილისის „მერანი“ – მასპინძლად. შეხვედრის ბედი 52-ე წუთზე „მერანის“ თავდამსხმელმა თემურ გაბუნიამ გადაწყვიტა. 82-ე წუთზე გუნდები 10-10 მოთამაშით დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა მოედნიდან „მერანის“ ფეხბურთელი დანტე ლაიტი გააძევა, ხოლო ნომინალური სტუმრებიდან – ბექა ხოჯანაშვილი.
პირველი ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება: საგარეჯოში „გარეჯი“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯია“ „სამტრედიას“ მიიღებს.