ლიგა 2-ში სეზონი განახლდა - სტუმრებმა მხოლოდ ქულა მოიპოვეს #1TVSPORT
ლიგა 2-ში სეზონი განახლდა - სტუმრებმა მხოლოდ ქულა მოიპოვეს #1TVSPORT

ერთთვიანი შესვენების შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი განახლდა. 21-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი მატჩი გაიმართა, სადაც სტუმრებმა მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლეს.

 

რუსთავი – მარტვილის მერანი 0:0

სფფ-ს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული შეხვედრა ერთადერთი იყო, სადაც გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს. „მერანი“ ლიდერთა სამეულშია და მოგება სურდა, მაგრამ 71-ე წუთზე მარტვილელთა ნახევარმცველის, ლაშა ჯღამაიას გაძევების შემდეგ გუნდი ქულის გადარჩენას შეეცადა, მხოლოდ ეს მინიმალური ამოცანა შეასრულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა 0:0.

 

თბილისის მერანი – ჩიხურა 2:1

სპაერის სტადიონზე“ გამართულ მატჩში საჩხერის „ჩიხურას“ შემადგენლობაში დებიუტი ერთდროულად ხუთ ფეხბურთელს ჰქონდა, მათგან ორი 17 წლის იყო (თემურ ნოზაძე, ალეკო ქარელი), ერთიც – 18 წლის (თემურ ჩერქეზია).

ამის მიუხედავად, საჩხერელებმა თბილისელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მე-14 წუთზე ანგარიში თბილისელებმა ცოტნე ჩიქოვანის გოლით გახსნეს, მაგრამ მე-17 წუთზე „ჩიხურას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა საულო დე აკინიომ წონასწორობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში რეზო გეწაძემ 50-ე წუთზე დააფიქისრა და „მერანმა“ მორიგი გამარჯვებით მეხუთე პოზიცია შეინარჩუნა.

 

დინამო ზგ. – გარეჯი 3:0

ერთადერთი შეხვედრა, სადაც გუნდმა მეტოქეზე დიდი უპირატესობა მოიპოვა, განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ზუგდიდის „დინამომ“ სეზონი მოგებით განაახლა და საგარეჯოს „გარეჯს“ შანსი არ დაუტოვა. თუმცა, სტუმრებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ ნახევარში რეალური საგოლე მომენტებიც ჰქონდათ.

მეორე ნახევარში, მასპინძელთა დამრიგებელმა, კახა გოგიჩაიშვილმა ცვლილებებს მიმართა და მოედანზე, სიენდა მატენჯვა გამოიყვანა, რომელიც თამაშში კარგად ჩაერთო და შეტევები გაამწვავა. 55-ე წუთზე, ბექა მახარაძემ ანგარიში პენალტით გახსნა, 67-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ვალერი ოლხოვმა მასპინზელტა უპირატესობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა ვოლომიდირ ტიტიევსკიმ დააფიქისრა, რომელმაც ზუგდიდელთა მაისურით პირველად გაიტანა – 3:0 „დინამოს“ სასარგებლოდ.

ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურის დარჩენილი დაპირისპირებები დღეს გაიმართება: გათამაშების ლიდერი „გაგრა“ გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ „ვიტ ჯორჯიას“ მიიღებს, ხოლო „შევარდენი 1906“ კასპის ცენტრალურ სტადიონზე მეორეადგილოსან ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს.