ლიგა 2-ში მეკარეს შეცდომები ძვირად დაუჯდა - „გარეჯმა“ ბობღიაშვილი გუნდიდან გაუშვა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა [ვიდეო] #1TVSPORT
„გარეჯი 1960“-ს „რუსთავს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ეროვნული ლიგა 2-ის მე-2 ტურის გადადებული მატჩი, რომელიც საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე 10 მარტის ნაცვლად, 18 მარტს გაიმართა, მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.
საგარეჯოელებმა სამივე გოლი, რბილად რომ ვთქვათ, მეკარის უხეში შეცდომების შედეგად გაუშვეს. „გარეჯის“ 37 წლის მეკარემ, მინდია ბობღიაშვილმა რამდენჯერმე სრულიად უწყინარ ვითარებაში დაკარგა ბურთი, მაგრამ მეტოქემ ამით მხოლოდ სამჯერ ისარგებლა. ასეთი შეცდომები მისნაირი გამოცდილი მეკარისგან, მინიმუმ, მოულოდნელი იყო.
46-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი „გარეჯის“ მეკარეს ხელიდან გაუვარდა და „რუსთავის“ მოთამაშემ ბაჩუკი გოცაძემ მისი შეცდომით ანგარიში გახსნა.
სტუმრებმა უპირატესობა შეხვედრის ბოლოს გაზარდეს – „გარეჯი 1960“-ის კარი მამადუ სეკუმ (85) აიღო – კონტრშეტევის დროს, საგარეჯოელთა მეკარე მოედნის ცენტრში იყო და ცარიელ კარში ბურთი რომ შეგორდა, მხოლოდ თვალი მიადევნა.
საბოლოო ანგარიში გაგა კუხიანიძემ (90+4) დააფიქსირა – ბობღიაშვილი ამ დროს კარიდან გამოვარდა და შეტევის წამოწყების მცდელობისას ბურთი ისევ წინ გაიგდო, მეტოქეს ჩააბარა და მან ამ შანსით ისარგებლა. საბოლოოდ, „რუსთავმა“ სეზონში პირველი მატჩი ანგარიშით 4:0 მოიგო, „გარეჯი“ კი სამი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში 1 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მომხდარზე საგარეჯოს „გარეჯი 1960“-მა რეაგირება მოახდინა და მეკარე გუნდიდან გაუშვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.
„ძვირფასო გულშემატკივრებო! მინდია ბობღიაშვილი, „გარეჯის” მეკარე, ფეხბურთელისთვის უღირსი საქციელის გამო გათავისუფლებულია გუნდიდან! კლუბის ხელმძღვანელობის სახელით ბოდიშს გიხდით მისი უღირსი საქციელისთვის!“, – წერია „გარეჯის“ გვერდზე.