ლიგა 2-ში „კოლხეთი 1913“ და „დინამო თბილისი 2“ ითამაშებენ #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.
„სეზონის წინ, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა დასახული მიზნის შესრულება და მომავალი სეზონიდან რანგით უფრო მაღალ ეშელონში იასპარეზებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მინიმუმ თითო აგური მაინც დადო „კოლხეთი 1913“-ის ამ წარმატებაში – გუნდის სპონსორს, ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, ადმინისტრაციას.მადლობა ფოთელთა მთავარი გუნდის ყველა იმ ქომაგს, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში მხურვალედ უჭერდა მხარს საყვარელ გუნდს. „კოლხეთი 1913“ ყოველთვის გრძნობდა თქვენს ერთგულებას, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იყო წარმატებული სეზონის მიმდინარეობისას. ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობა წარმატებული ყოფილიყოს ქვეყნის ისტორიულად პირველი გუნდისათვის“, – წერია კლუბის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ფოთის „კოლხეთში“ ახალი ხელმძღვანელები მოვიდნენ, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერის, მამუკა ჯუღელის ახლო წრეს წარმოადგენენ. თავად ჯუღელმა აღიარა, რომ ყოფილი კლუბის მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება აკავშირებდა.
ფოთის „კოლხეთი 1913“-თან ერთად, ეროვნული ლიგა 2-ის საგზური „დინამო თბილისი 2“-მა მოიპოვა, ლიგა 2-ის პლეი-ოფში მონაწილეთა ვინაობა დარჩენილ სამ ტურში გაირკვევა. ეროვნულ ლიგა 4-ში კი ახლო წარსულში ელიგის წარმომადგენლები, „ზესტაფონი“ და საჩხერეს „ჩიხურა“ დაქვეითდნენ, მესამე გუნდის ვინაობა კი ჯერ არ გარკვეულა.