ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა არ გამოიტანა სანქციები „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარისა და „მარსელის“ მცველის ალვარო გონსალესის მიმართ.
„საქმის შესწავლისა და მოთამაშეთა და კლუბების წარმომადგენელთა გამოკითხვის შემდეგ, კომიტეტმა მიიჩნია, რომ არ გააჩნია დამაჯერებელი მტკიცებულებები იმის დასადგენად – არსებობდა თუ არა დისკრიმინაციული განცხადებები ალვარო გონსალესის მხრიდან ნეიმარის მისამართით“, – წერია სადისციპლინო კომიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ მატჩის ბოლოს, ნეიმარმა წითელი ბარათი მიიღო იმის გამო, რომ გონსალესს თავში ხელი ჩაარტყა. მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მატჩის მსვლელობისას, ესპანელმა მას „მაიმუნი“ უწოდა. ამასთან, “მარსელმა” ნეიმარი იაპონელი მცველის ჰიროკი საკაის მიმართ რასიზმში დაადანაშაულა.
უფრო ადრე, ლიგა 1-მა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა პარიზელთა ნახევარმცველს ანხელ დი მარიას, რომელმაც გონსალესს შეაფურთხა.