ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - კარგი ნაბიჯი იქნება ნებართვის ქონა, რომ უკრაინამ გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მტრის ტერიტორიაზე უფრო ღრმა სამიზნეებზე დასარტყმელად, ჩვენ ამას ვლობირებთ
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - კარგი ნაბიჯი იქნება ნებართვის ქონა, რომ უკრაინამ გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მტრის ტერიტორიაზე უფრო ღრმა სამიზნეებზე დასარტყმელად, ჩვენ ამას ვლობირებთ

ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და ვილნიუსის მხარდაჭერის შესახებ კიევის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.

ამასთან, კაშიუნასმა კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ოპერაციას კარგი ნაბიჯი უწოდა.

„კარგი ნაბიჯი იქნება იმის ნებართვის ქონა, რომ გამოიყენოთ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მტრის ტერიტორიაზე უფრო ღრმა სამიზნეებზე დასარტყმელად და ჩვენ ამას ვლობირებთ. ვფიქრობ, რომ თქვენ აამაღლეთ არა მხოლოდ თქვენი ხალხის, თქვენი შეიარაღებული ძალების, არამედ ჩვენი საზოგადოების მორალი, რადგან ახლა ხალხი ფიქრობს, როგორ შეუძლიათ, რომ მხარი კიდევ უფრო მეტად დაგიჭირონ. თქვენ აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს და ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯია“, – განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ, შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლაურინას კაშიუნასს ლიეტუვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი იარაღით.

„შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინის სახელმწიფოს თავდაცვის პრიორიტეტული საჭიროებები და ლიეტუვის შემდგომი დახმარება, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვაში“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვამ უპილოტო საფრენი აპარატების კოალიციის ფარგლებში უკრაინას დამატებით 500 უპილოტო საფრენი აპარატი გაუგზავნა.