ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც ლიეტუვური მედიისთვის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გახდა ცნობილი, ლიეტუვამ კირილე არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქი კირილი „შავ სიაში“ შეყვანილია იმის გამო, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.
„პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ლიეტუვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.
გაზაფხულზე ლიეტუვამ ევროკავშირს პატრიარქ კირილის „შავ სიაში“ შეყვანა შესთავაზა, თუმცა ივნისში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცებისას ის სიიდან უნგრეთის მოთხოვნით ამოიღეს.