„ლიეპაიაში“ მეოთხე ქართველიც ვარჯიშობს - ანდრია ხორხელმა „ფლორასთან“ საგოლე პასი შეასრულა #1TVSPORT
ანდრია ხორხელი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ლატვიურ „ლიეპაიაში“ ვარჯიშობს და ამხანაგურ შეხვედრაში თავიც გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მწვრთნელის, თამაზ პერტიას ხელმძღვანელობით ახალ სეზონში ლატვიის ვირსლიგაში ითამაშებენ „საბურთალოს“ ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე, რატი არდაზიშვილი და „თელავის“ ყოფილი მცველი ვაჟა ფაცაცია, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს.
ანდრია ხორხელი 2005 წლის 12 იანვარსაა დაბადებული, ის ამპლუით ნახევარმცველია. გასულ სეზონში ბოლნისის „სიონში“ ირიცხებოდა და მისი ფორმით 8 მატჩი ჩაატარა.
ანდრია „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველის, ლევან ხორხელის მეოთხე შვილია, რომელიც ფეხბურთს თამაშობს: გიორგი „საბურთალოში“ და ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა, ხოლო ნიკა და ლუკა ამჟამად წყალტუბოს „სამგურალის“ წევრები არიან.
19 წლის ანდრიამ წინასეზონო ტურნირზე (ლივონიის ზამთრის ლიგა) ესტონეთის ჩემპიონ ტალინის „ფლორასთან“ წაგებული (1:3) ამხანაგური შეხვედრა „ლიეპაიას“ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და გოლი მისი პასით გავიდა.
მეორე მატჩში „ლიეპაია“ ლიეტუვის ჩემპიონ „პანევეჟისს“ დაუპირისპირდა და 2:1 მოიგო.