წარსულში სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და ინგლისური „ლიდსის“ ფეხბურთელი, ფილ მასინგა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა.
მასინგა „ლიდსში“ 1994-96 წლებში თამაშობდა, მოგვიანებით კი შვეიცარიული „სენ-გალენისა“ და იტალიური კლუბების, „სალერნიტანასა“ და „ბარის“ ღირსებას იცავდა.
„სამხრეთაფრიკული ფეხბურთისთვის სევდიანი დღეა. ფეხბურთის ერთგული მსახური გარდაიცვალა“, – განაცხადა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დენი იორდაანმა.
დეტალები ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებებსა და მიზეზებზე ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.
მასინგას, პირველ რიგში, 1998 წელს გატანილი გოლის გამო იხსენებენ, როდესაც მან კონგოს ნაკრების კარი აიღო და თავის ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საგზური მოუტანა.
„ლიდსში“ მან 31 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.