ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-15 ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა და გამარჯვებული ერთშიც ვერ გამოვლინდა.
ორი შეხვედრა 0:0 დასრულდა. „შევარდენი 1906“ შინ „თელავს“ დაუზავდა, ისევე როგორც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „ნორჩი დინამო“ – ბათუმის „დინამოს“. „შევარდენს“ მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ 44-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, დავით ოდიკაძემ „თელავის“ კარში დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა – 36 წლის გამოცდილ ფეხბურთელს ასეთი რამ თავის 20-წლიან კარიერაში პირველად შეემთხვა.
ბათუმში, „დინამოს“ ბაზაზე ლიგის აუტსაიდერმა, ქობულეთის „შუქურამ“ ლიდერს, „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა. მთავარი მოვლენები 90-ე წუთის შემდეგ განვითარდა: 90+3-ე წუთზე ანგარიში ქობულეთელებმა ჯეფერსონ ჯერალდოს პენალტით გახსნეს და თითქოს მოგებამდე საქმის მიყვანას წინ არაფერი დაუდგებოდა, მაგრამ 90+5-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა წონასწორობა აღადგინა და ლიდერს ქულა მოუპოვა 1:1.
15 ტურის შემდეგ, გათამაშებას „ვიტ ჯორჯია“ 27 ქულით ლიდერობს, მას მისდევენ „ნორჩი დინამო“ (25) და ბათუმის „დინამო“ (25), აუტსაიდერი კი 10 ქულით „შუქურაა“.