ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ შინ „სამტრედია“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ შინ „სამტრედია“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგის 22-ე ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი „ბათუმი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტების გამოყენებას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

მეორე ტაიმის 66-ე წუთზე, პაატა ღუდუშაურის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ბათუმელებს დაწინურება შეეძლოთ, მაგრამ „სამტრედიის“ მცველმა, მათე აბულაძემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და გუნდი გადაარჩინა.

„სამტრედიამ“ კი თავისი იშვიათი შანსით ისარგებლა. 70-ე წუთზე აბდულა ხაიბულაევმა სტუმრები ეფექტური დარტყმით დააწინაურა. „დინამო“ მთელი ძალებით შეტევაში წავიდა და კინაღამ მეორეც გაუშვა – მეკარესთან პირისპირ რეზი ინჯგია დარჩა, მაგრამ ლუკა ქაფიანიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია და ბათუმელები გადაარჩინა.

ბათუმის „დინამომ“ სტუმართა კართან შტურმი მოაწყო და 90+7-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ხოლო ორ წუთში „სამტრედია“ კაცნაკლული დარჩა – სტუმართა გოლის ავტორი აბდულა ხაიბულაევი მოედნიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს.

საბოლოოდ, დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა. 22 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 46 ქულით კვლავ ლიდერია. პოზიცია არც „სამტრედიას“ (12) შეუცვლია, რომელიც კვლავ ბოლოდან მეორე ადგილზეა და „თელავთან“ (17) ჩამორჩენა მხოლოდ ქულით შეამცირა.