საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთი 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ასპროცენტიანი შედეგით გალიდერდა.
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე 19-წლამდელთმა შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა მასპინძელ უნგრეთა 4:2 სძლიეს და მეორე შეხვედრაც ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
ყაზახეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშა ჩვენი 19-წლამდელების ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც უნგრეთთან ტვინის შერყევა მიიღო. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო. მე-40 წუთზე ანგარიში გიორგი იაკობიძემ გახსნა. ორ წუთში კი ჩვენს სასარგებლოდ მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ზუკა დავითაშვილმა აქცია 2:0.
შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე,ყაზახების მცველმა ჯალგას ჟაკსილიკოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მაგრამ 65-ე წუთზე თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა იაკობიძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ დააფიქსირა 3:1.
ჯგუფის მეორე შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მასპინძელი უნგრეთი 3 ქულის მქონე ხორვატიას ხვდება. საქართველომ 2 მატჩში 6 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
U19 საქართველო 3:1 U19 ყაზახეთი
გოლები: 1:0 იაკობიძე (40), 2:0 დავითაშვილი (42. პ), 2:1 ჟაკსილიკოვი (48), 3:1 იაკობიძე (65)
საქართველო U19: კუტალაძე, კაპანაძე (85. აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, მოისწრაფიშვილი (61. მესიაჩენკო), აზაროვი (85. ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი (79. გაგნიძე), გულიაშვილი, დავითაშვილი, იაკობიძე (79. გაგუა)