„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში მე-8 ტური ლიდერის მარცხით დასრულდა. მანამდე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და კვლავ დამარცხდა. ანგარიში ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა 39-ე წუთზე გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში თორნიკე გაფრინდაშვილმა 82-ე წუთზე დააფიქსირა – 0:2. აღსანიშნავია, რომ მეექვსე შეხვედრაა, რაც ბათუმელები თამაშს არ აგებენ.
„მიხეილ მესხზე“ გათამაშების ლიდერმა „საბურთალომ“ უხერხული მეტოქე, საჩხერის „ჩიხურა“ მიიღო და დამარცხდა. პირველი გოლი საჩხერელთა თავდამსხმელმა ბიძინა მახარობლიძემ მე-8 წუთზე გაიტანა. ორ წუთში „საბურთალოს“ ფორვარდმა ოგნიენ როლოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. მაგრამ ბესიკ დეკანოიძემ (27) და ბიძინა მახარობლიძემ (45+2) მასპინძელთა კარი შესვენებამდე კიდევ ორჯერ აიღეს. „საბურთალომ“ 55-ე წუთზე გიორგი დიასამიძის გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა მეტი ვეღარ მოახერხა და სეზონში მეორე დამარცხდა – 2:3.
„საბურთალო“ 18 ქულის ამარა დარჩა და სამ გუნდს, თბილისის და ბათუმის „დინამოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ახლა მხოლოდ ორი ქულით ასწრებს. „ჩიხურა“ 13 ქულით მეხუთეზეა, ხოლო „რუსთავი“ (3 ქულა) გათამაშების აუსაიდერია.