ლიდერების მატჩი ფრედ დასრულდა - ბათუმის „დინამო“ ნანატრ ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
ლიდერების მატჩი ფრედ დასრულდა - ბათუმის „დინამო“ ნანატრ ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT

ბათუმის ახალ არენაზე გამართულ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბული, სანახაობრივი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტრიბუნაზე გულშემატკივრები დაუშვეს, რომლებმაც თამაშის დაწყებამდე ნამდვილი შოუ მოაწყვეს და მატჩს ელფერი შემატეს.

ანგარიში პირველ ტაიმში თბილისელებმა გახსნეს. მე-18 წუთზე სწრაფი შეტევა ლევან ხარაბაძემ გააგრძელა და მშვენიერი გადაცემით კარის წინ ოსეი ბარნსი მოძებნა, რომელმაც სტუმრები ეფექტური გოლით დააწინაურა – 0:1. სტუმართა უპირატესობის გაზრდის რეალური შანსი ზორან მარუშიჩს ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თბილისელთა თავდამსხმელმა ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძეს ვერ აჯობა. გამოუყენებელი შანსისთვის სტუმრები ტაიმის ბოლოს დაისაჯნენ. 37-ე წუთზე ბათუმელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, საჯარიმოსთან ბურთი კარგად გაათამაშეს და ჯაბა ჯიღაურმა ანგარიში 1:1 გახადა.

მეორე ტაიმში მეტოქეები უფრო ფრთხილად თამაშობდნენ და საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრე 1:1, რომელიც ბათუმელებს უფრო აწყობდათ. 30 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 64 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისთან“ (56) შვიდქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ნანატრ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.