ლიცენზირებას ქალთა გუნდებიც გაივლიან - ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა
ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის (აღმასრულებელი კომიტეტის) სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
სფფ-ს ცნობით, კომიტეტის წევრებმა კლუბების ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის უეფა-ს სოლიდარობის თანხების განაწილებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს: უეფასგან გამოყოფილი თანხის 70% კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათ გუნდზე თანაბრად გადანაწილდეს, დარჩენილი 30% კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებს შეხვდებათ.
ცვლილება შევიდა ლიცენზირების დებულებაში, რომელიც უეფა-ს ახალ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოდის. ამ ცვლილების შედეგად, 2020 წლიდან ლიცენზირების გავლა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მონაწილე გუნდებისთვისაც სავალდებული გახდება.