ლიბერტადორესის თასის მატჩი არეულობების გამო შეწყდა
ლიბერტადორესის თასის მატჩი არეულობების გამო შეწყდა

სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, ლიბერტადორესის თასის განმეორებითი მერვედფინალური მატჩი ბრაზილიურ „სანტოსსა“ და არგენტინულ „ინდეპენდიენტეს“ შორის ძირითადი დროის ამოწურვამდე ცხრა წუთით ადრე შეწყდა. ჩილელმა მსაჯმა ხულიო ბასკუნიანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტრიბუნებიდან გადმოგდებული ორი მაშხალა სტუმართა სათადარიგო ფეხბურთელების მახლობლად დაეცა.

ამის შემდეგ, რამდენიმე ბრაზილიელი ქომაგი შეეცადა მოედანზე შევარდნილიყო, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მატჩი ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში იმართებოდა და, როდესაც მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ანგარიში 0-0 იყო.

პირველი მატჩი არგენტინელებს 3-0 ჰქონდათ მოგებული და მეოთხედფინალში სწორედ ისინი გავიდნენ.

გუშინ კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. კოლუმბიურმა „ატლეტიკო ნასიონალმა“ არგენტინულ „ატლეტიკო ტუკუმანს“ 1-0 სძლია, თუმცა ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული არგენტინული კლუბი დარჩა (1-2). პორტუ-ალეგრეში კი ბრაზილიურმა „გრემიომ“ არგენტინული „ესტუდიანტესი“ 2-1 დაამარცხა და რადგან პირველი მატჩი ამავე ანგარიშით ჰქონდა წაგებული, პენალტების სერია დაინიშნა. საბოლოოდ გრემიომ 5-3 გაიმარჯვა.

30 და 31 აგვისტოს კიდევ 5 მერვედფინალური მატჩი გაიმართება:

30 აგვისტო
რივერ პლეიტი (არგენტინა) – რასინგი (არგენტინა)
კორინთიანსი (ბრაზილია) – კოლო კოლო (ბრაზილია)
კრუზეირო (ბრაზილია) – ფლამენგო (ბრაზილია)

31 აგვისტო

ლიბერტადი (პარაგვაი) – ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
პალმეირასი (ბრაზილია) – სერო პორტენიო (პარაგვაი)