ლი ანდერსონი - ზაიონი კოლეჯში დაბრუნებას არ განიხილავს და უაღრესად კმაყოფილია „ნიუ ორლეანის“ ვარიანტით
გუშინ „ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტმა ბრაიან ვინდჰორსტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტის პირველმა ნომერმა ზაიონ ვილიამსონმა „ნიუ ორლეანში“ გადასვლა არ ისურვოს და ერთი წლით კვლავ დიუკის კოლეჯში დაბრუნდეს.
თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ი ეს პი ენის“ (ESPN) რადიოში სტუმრობისას თავად ზაიონმა და მისმა მამინაცვალმა ლი ანდერსონმა განაცხადეს, რომ მოუთმენლად ელოდებიან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტს და უაღრესად მოხარულები არიან ნიუ ორლეანის ვარიანტით.
„ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტმა შემს შარანიამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვილიამსონმა უკვე გამართა შეხვედრა „პელიკანსის“ ხელმძღვანელობასთან. ასევე, სამუშაო შეხვედრა „მემფისის“ წარმომადგენლებთანაც შედგა, რადგან დრაფტზე მეორე ნომრის აყვანის უფლება სწორედ „გრიზლის“ აქვს.