„ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილის გოლით მოიგო და ლა ლიგა 2-ში გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და „ლევანტეს“ „კარტახენასთან“ მოაგებინა – 1:0.
24 წლის ქართველი ნახევარმცველი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გამარჯვების გოლი გაიტანა. ქოჩორაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, გოლის გარდა, მან ყვითელი ბარათიც მიიღო.
„ლევანტე“ პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა „კარტახენასთან“, რომელსაც ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული. ქოჩორაშვილს ორჯერ მიეცა ანგარიშის გახსნის შანსი – პირველად ეს ვერ მოახერხა, 25-ე წუთზე კი ალეხანდრო კანტერომ ქართველი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც ზუსტი დარტყმით გუნდი დააწინაურა, ეს ახალ სეზონში გიორგის პირველი გოლია.
54-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, „კარტახენამ“ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ არბიტრმა მომენტის გადამოწმების შემდეგ გოლი გააუქმა, დამიან მუსტოს კი ყვითელი ბარათი აჩვენა, ვინაიდან მასპინძელთა შემტევმა კუთხურის დროს ქოჩრაშვილს ხელი დაარტყა, რაც გამეორებისას გამოჩნდა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, „ლევანტემ“ სტუმრად 1:0 მოიგო, სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულა დააგროვა და ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა.