ლევან ზუხბაია - პაპუნაშვილი „აპოლონიდან“ წამოვა, მოლაპარაკება უკვე დაწყებულია #1TVSPORT
ლევან ზუხბაია - პაპუნაშვილი „აპოლონიდან“ წამოვა, მოლაპარაკება უკვე დაწყებულია #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსული „აპოლონიდან“ წასვლას აპირებს, გუნდთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, ლევან ზუხბაიამ განაცხადა.

„კვიპროსზე ვიყავი და მოლაპარაკება დავიწყეთ „აპოლონთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ძალიან კარგი პირობები აქვს, ამჟამინდელი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წამოვიდეს და გუნდთან მოლაპარაკების დაწყებაც მისი ინიციატივა იყო“, – განაცხადა ლევან ზუხბაიამ.

მისი თქმით, პაპუნაშვილის მსგავსი მოთამაშე უთამაშებელი და მით უფრო, უგუნდოდ არ დარჩება.

„პაპუნაშვილი კარგი ფეხბურთელია და უგუნდოდ არ დარჩება. რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკება უკვე დავიწყეთ. იმედი მაქვს, რომ აპოლონელები კონტრაქტის გაწყვეტას დათანხმდებიან და დიდი შანსია, თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდეს. მისნაირი მოთამაშე არ შეიძლება უთამაშებელი იყოს. არ ვჩქარობთ და საუკეთესო შემოთავაზებას ველით, რომელიც თავად გიორგისთვის იქნება მისაღები“, – ამბობს პაპუნაშვილის მენეჯერი.

მიმდინარე სეზონში ლიმასოლის „აპოლონი“ კვიპროსის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. სამწუხაროდ, გუნდის გერმანელი მწვრთნელი ალეკსანდერ ზორნიგერი ქართველ შემტევს არ ენდობა – განვლილ 12 ტურში ერთხელაც არ ათამაშა.