ლევან ყენია - გერმანიაში ყველა ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლევან ყენიამ პირველ არხთან ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ ორ შეხვედრასა და პორტუგალიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ძალიან მაგრად გამოვდივართ ევროპის ჩემპიონატზე. პირველი ორი თამაშით უდიდესი სიამოვნება მივიღე და მესამე მატჩშიც დიდი მოლოდინი მაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს და იმედი მაქვს, პორტუგალიას სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ. თუ იღბალი ჩვენკენ იქნება, ქულებსაც ავიღებთ.
დებიუტანტები ვართ. ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე ვისაუბრებ, რომელიც წინა ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობდა. ამ გუნდმა უსახური ფეხბურთი აჩვენა და ქულაც ვერ აიღო. იმის მიუხედავად, რომ დებიუტანტები ვართ, ძალიან მაგრად ვთამაშობთ. თურქეთთან მატჩშიც ბოლო წუთებამდე დაძაბულობა იყო. ჩეხებთან უფრო რთული მატჩი გამოვიდა, რადგან, ჩემი აზრით, მათ თურქებზე ძლიერი გუნდი ჰყავთ. მამარდაშვილმა საუკეთესო თამაში ჩაატარა. ბოლო წუთებზე გვქონდა მომენტი, რომ შეხვედრის ბედი ჩვენ სასარგებლოდ გადაგვეწყვიტა. ჯამში, ქულაც შესანიშნავია, ბოლო თამაშში ვნახოთ, რა მოხდება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ნაკრების მეიმედება.
გერმანიაში ყველა ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა. მთავარია, ყრუ დაცვიდან არ გვიასპარეზია. რა თქმა უნდა, უკნიდან ვთამაშობდით, რადგან თურქეთსა და ჩეხეთთან შედარებით სუსტი ნაკრები გვყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან თანაბრად გამოსვლა არ შეგვიძლია. ეს გამოჩნდა კიდეც. გერმანულ მედიას თუ გადავხედავთ, ყველა აღტაცებულია, თურქეთთან მატჩი კი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო იყო.
იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგის კლუბები ქართველი ფეხბურთელებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, ტურნირზე ბევრი საინტერესო მოთამაშე გამოჩნდა. კვარაცხელია და მამარდაშვილი ყველამ იცის, რადგან წამყვან ჩემპიონატებში გამოდიან. მთავარია, რომ ევროპის ჩემპიონატი წაადგეს ჩვენს ბიჭებს. თუ ჩვენი ჩემპიონატიც განვითარდება, ინტერესი მის მიმართაც გაიზრდება.
რაც შეეხება მამარდაშვილზე ლოთარ მათეუსის ნათქვამს, რომ „ბაიერნში“ ნოიერის შემცვლელად მას ხედავს – ასეთ გუნდში თამაში ძალიან რთულია. თუმცა მე გიორგის „ვალენსიაშიც“ თვალს ვადევნებ, ძლიერი მეკარეა და, ჩემი აზრით, ყველა წამყვან ჩემპიონატში თავს დაიმკვიდრებდა. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მთავარია, დიდ კლუბში თამაშის შანსი მიიღოს“, – აცხადებს ლევან ყენია.