ლევან სილაგავა - ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო და ლარის კურსი
ლევან სილაგავა - ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო და ლარის კურსი

ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო და ლარის კურსი, – ამის შესახებ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ დღეს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში ბიზნესგარემოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკითხი განიხილეს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრემიერი ბიზნესს მთავრობასთან ღია და გულისხმიერ დიალოგს ჰპირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. გასულ კვირას კი, პრემიერმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ. პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებს.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე პირველ რიგში პროგნოზირებადი ბიზნესგარემოსა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის თემების განხილვას აპირებს. მისი აზრით, ამ ორი მთავრი ფაქტორის გარეშე ეკონომიკის სწრაფი ზრდა რთული იქნება.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროგნოზირებადი გარემო იყოს. ყველა – წარმოება იქნება ეს თუ ინვესტიცია, ყველა პროგნოზირებად გარემოს ელოდება. როდესაც ქვეყანაში ინვესტიცია მოდის ან წარმოება რაღაცას გეგმავს, მისთვის აუცილებელია იცოდეს, მისი პროდუქცია როგორ შეიძლება განვითარდეს ბაზარზე გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, დგას ლარის კურსის თემა, რომლის სიმყარე აუცილებელია. ეს ორი გამოწვევა ყველას ეხება. ასევე, როდესაც კანონების მიღება ხდება, საჭიროა ბიზნესთან კონსულტაცია“, – განაცხადა სილაგავამ.

მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი მთავრობისაგან სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასაც ითხოვს, როგორც ეს განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში ხდება.

„ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებზე ხუთი მილირდი ლარია გამოყოფილი, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა. თუკი ტურიზმიდან სამი მილიარდი გვინდა შემოვიდეს, ამ დროს აგერ, დევს სახელმწიფო ტენდერებისთვის გამოყოფილი ხუთი მილიარდი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იხარჯებოდეს ადგილობრივ წარმოებაში ოღონდ კონკურენტულ გარემოში, ისეთ პროდუქციაში, რომელიც კონკურენტული იქნება უცხოელთან მიმართებაში. როდესაც ბატონი პრემიერი ეკონომიკის მინისტრი იყო, მაშინ სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის იდეა პროექტად იდო და თითქმის გასული იყო. მერე რატომღაც შეჩერდა. ოღონდ, ეს ისე არ გავიგოთ, რომ ეს სასათბურე პირობებს გულისხმობდა. ეს იყო სრულიად აპრობირებული ევროპული მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარ ტენდერებში საკუთარ სახელმწიფოში ადგილობრივი წარმოება განავითაროს. შესაბამისად, მისგან მიღებული შემოსავლით სამუშაო ადგილები შექმნას და ბიუჯეტში შენატანებით ვალუტა გაამყაროს. ამ შემთხვევაში, იმპორტიორები, ვისაც დღეს რაღაც პროდუქცია შემოაქვთ, შეიძლება დაფიქრდნენ, ხომ არ აწარმოონ იგივე პროდუქცია ადგილზე“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი ინფორმაციით, პრობლემებს ქმნის კომუნიკაციის პრობლემა თავად აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის.

„არის ასევე მთავრობასთან კომუნიკაციის თემა. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დროს მაგალითად ეკონომიკური ბლოკის სხვადასხვა სამინისტროები – ეკონომიკის, ფინანსთა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაღაც საკითხებს სხვადასხვანაირად უყურებენ. ამ დროს ერთი ფანჯრის პრინციპი კი არ მოქმედებს, ბიზნესს სხვადასხვა სამინისტროში სიარული უხდება, რომ თავის პროექტზე თუ რაღაცა შეხედულებაზე პასუხი მიიღოს“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.