ლევან შოვნაძე - ბედნიერებაა, ეროვნულ ნაკრებში ასეთი სიურპრიზით რომ გხვდებიან #1TVSPORT
ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოძახებულ ლევან შოვნაძეს სიურპრიზი მოუწყვეს – წყალტუბოს „სამგურალის“ 24 წლის მეკარეს საგანგებოდ მისთვის დამზადებული სიგელი დაახვედრეს, რასაც „ჯვაროსნების“ დებიუტანტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ბედნიერებაა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და კიდევ მეტად სასიხარულოა, როცა ნაკრებში ასეთი სიურპრიზით გხვდებიან! ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, მიღწეულზე არ შევჩერდე, პროგრესი გავაგრძელო და ეროვნულ გუნდში დავიმკვიდრო ადგილი“, – წერს ლევან შოვნაძე.
წყალტუბოს „სამგურალის“ 24 წლის მეკარე საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ბათუმელია და კარიერა მშობლიური ქალაქის „დინამოში“ დაიწყო. თუმცა, სათამაშო პრაქტიკა რომ მოაკლდა, 2019 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც გასულ წლამდე თამაშობდა. 24 წლის მეკარემ დიდი როლი ითამაშა, გასულ სეზონში ქუთაისელებმა ეროვნულ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნეს.
შოვნაძე „სამგურალში“ 2022 წლის დასაწყისში მიიწვიეს და მას შემდეგ დამკვიდრდა წყალტუბოელთა ძირითად შემადგენლობაში, რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის სენსაციაა და ევროსაგზურისთვის იბრძვის.
აღსანიშნავია, რომ ლევან შოვნაძე ნაკრებში გამოძახებულ 23 ფეხბურთელს შორის ერთადერთი დებიუტანტია. „სამგურალის“ მეკარეს მიმდინარე სეზონში 10 მშრალი მატჩი დაუგროვდა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.