ლევან შენგელიამ „საბერძნეთის“ ჩემპიონატში თავის გამოჩენა მოახერხა და „პანეტოლიკოსს“ „ვოლოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
საბერძნეთის სუპერლიგის 21-ე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „პანეტოლიკოსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და უშუალო კონკურენტის, „ვოლოსის“ წინააღმდეგ 84 წუთი ითამაშა. ჯიმი ტაბიძე, რომელიც შენგელიას თანაგუნდელი გახდა, განაცხადში ვერ მოხვდა.
შენგელია თამაშის დასაწყისშივე ყურადღების ცენტრში მოექცა – ჯერ პირველ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მე-8 წუთზე კი ანგარიში გახსნა. თუმცა მე-15 წუთზე „ვოლოსის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხუან გარსიამ წონასწორობა აღადგინა და ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.
საბერძნეთის სუპერლიგაში გამართული 21 ტურის შემდეგ „პანეტოლიკოსი“ 15 ქულით მე-12 პოზიციაზეა და თუ რეგულარული სეზონის დარჩენილ ხუთ ტურში ვითარება რადიკალურად არ შეცვალა, სეზონის დარჩენილ ნაწილს სუპერლიგის გასავარდნთა ჯგუფში გააგრძელებს.
ლევან შენგელიამ კი მიმდინარე სეზონში „პანეტოლიკოსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და 17 შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა.