ლევან შენგელია საბერძნეთის სუპერლიგის გუნდის, ოფი-ის ფეხბურთელი გახდება, – ინფორმაციას ცნობილი ბერძნული გამოცემა sport24.gr-ი ავრცელებს.
„მალე ლევან შენგელია ჰერაკლიონში იქნება, რათა დაასრულოს ტრანსფერი ოფი-ში. კრეტის გუნდი გაძლიერებას აგრძელებს და სუპერლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მოთამაშის გაფორმებასთანაა ახლოს.
ლევან შენგელიასთან კრეტელებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც გასულ წელს „პანეტოლიკოსში“ გამოირჩეოდა, კარიერას ისევ საბერძნეთში გააგრძელებს.
შენგელია მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს“, – წერს ბერძნული გამოცემა.
შენგელიამ ბერძნული „პანეტოლიკოსი“, სადაც ორი სეზონი ჩაატარა, ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ დატოვა.