ლევან მჭედლიძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. „ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 8 იანვრიდან თავისუფალი აგენტი გახდა. ეს ამბავი ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავადაც დაადასტურა.
„მადლობა ქუთაისს და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარს გვერდში დგომისა და დაფასებისთვის. ამ მოკლე პერიოდში ამ ქალაქმა ძალიან შემაყვარა თავი! წარმატებები და წინსვლა“, – წერს მჭედლიძე.
მჭედლიძე ქუთაისის „ტორპედოში“ 2021 წლის 8 ოქტომბერს გადავიდა. მან 25 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.
32 წლის თავდამსხმელმა პროფესიული კარიერა 2005 წელს გორის „დილაში“ დაიწყო, 2008-19 წლებში იტალიაში თამაშობდა – იყო „ემპოლისა“ და „პალერმოს“ (2008-10 წლებში) მოთამაშე.
სამწუხაროდ, ნიჭიერი ფორვარდის კარიერა ტრავმებმა შეაფერხა. 2019 წელს მჭედლიძე საქართველოში დაბრუნდა. ითამაშა თბილისისა და ბათუმის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“.
მჭედლიძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი (U17, U19, U21) ნაკრების წევრი. 2007 წლიდან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 32 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.