ლევან მაისაშვილმა „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ლევან მაისაშვილმა „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

6 თებერვალს საქართველო პორტუგალიას „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე მასპინძლობს, 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა.

ამ თამაშებისთვის ხუთი დებიუტანტი მოემზადება. სამი მათგანი შერკინების მოთამაშეა, ორი კი ხაზის. ესენი არიან „ენისეის“ ფრთა დავით მესხი, რომელიც ბორჯღალოსნებში ზაფხულშიც იყო გამოძახებული, „ბიარიცის“ ბურჯი ლუკა აზარიაშვილი, მესამეხაზელები – ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი, რომლებიც „შავი ლომიდან“ დაწინაურდნენ და „ლელოს“ 18 წლის შუამარბი თორნიკე კახოიძე, რომელმაც 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში თამაშით გამოიჩინა თავი.

„ჩვენი სურვილია, რომ ნაკრებში ყველა პოზიციაზე სიღრმეები გავაჩინოთ. ახალგაზრდები წინა წლებშიც გვყავდა გამოძახებული და როდესაც ამის საშუალება გვექნება, შანსს ყველა მოთამაშე მიიღებს. აზარიაშვილი ადრეც გვყავდა გამოძახებული. ის სისტემატიურად თამაშობს „ბიარიცში“, 20-წლამდელთა ნაკრებიდანაც ვიცნობთ და გვინდა რომ დავაკვირდეთ. მამამთავრიშვილმა და ივანიშვილმა „შავ ლომში“ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს, ყველა თამაშში დამაჯერებლები იყვნენ და გაფართოებულ შემადგენლობაში დავუძახეთ. მესხს დიდი ხანია ვაკვირდებით, აფრიკის ტურნესთვისაც გვყავდა გამოძახებული, მაგრამ მაშინ ტრავმის გამო ვერ ითამაშა და ახლა მიიღებს შანსს. კახოიძე ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეა, რომელმაც ასაკობრივ ნაკრებებში თავი გამოიჩინა. მის პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეებით განებივრებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ მოლოდინებს გაამართლებს“, – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

„შემადგენლობის შერჩევისას გვქონდა პატარ-პატარა პრობლემები ტრავმების, კლუბებთან ურთიერთობის თუ ოჯახური სიტუაციის გამო. რამდენიმე სასურველ მორაგბეს ვერ დავუძახეთ კლუბში მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ეტაპისთვის, შესაძლებლობიდან გამომდინარე ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. სამაგიეროდ გვაქვს შანსი დავაკვირდეთ ახალ მოთამაშეებს და ეტაპობრივად ყველას მიეცემა შანსი“.

გუნდს უბრუნდება მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით ბოლოს 2020 წლის „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა, მერე ოპერაციები გაიკეთა, ფრანგულ „აჟენთან“ კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონში პრო დე2-ში 9 თამაში ჩაატარა.

ბორჯღალოსნების კვართით ბოლოს 2020 წლის თებერვალში ითამაშა კვაჭმა ვანო კარკაძემ, მერე ტრავმა მიიღო და მოედანს სრულფასოვნად 2021 წლის სექტემბრიდან დაუბრუნდა. მას შემდეგ მან ‘ბრივის’ მაისურით ტოპ 14-ში ათი, ხოლო ჩელენჯ ქაფზე ორი თამაში ჩაატარა.

სულ გაფართოებულ შემადგენლობაში 18 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მაისაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქონდა სურვილი წელს მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშა, მაგრამ:

„გვაქვს პრობლემები გარკვეულ პოზიციებზე, ასევე ტრავმები. ყოველთვის არ ხერხდება საუკეთესო შემადგენლობის თავმოყრა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, ნაკრებში გვაქვს პოზიციების დაახლოებით 20%, სადაც გვსურს სიღრმეების გაჩენა და ამისათვის საჭიროა ახალი მოთამაშეების გამოცდა“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატთან ერთად) 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. პირველი წრის შემდეგ, ბორჯღალოსნები 23 ქულით პირველ ადგილზე არიან, მათი პირველი მეტოქე პორტუგალია კი, 14 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება რუმინეთს.

„პორტუგალია წლიდან წლამდე პროგრესირებს, რისი ნათელი მაგალითიც ნოემბერში მათი იაპონიასთან თამაშია (რომლის ბედიც დასკვნით წუთებში გადაწყდა – იაპონიამ 38:25 მოიგო). ეს არ არის გუნდი, რომელიც არ უნდა დააფასო. ისინი არიან სწრაფები და აგრესიულები რაქში. მათი ბრძოლისუნარიანობიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება გვმართებს“, – ამბობს მაისაშვილი.

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიის და ნიდერლანდების წინააღდეგ

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), ლუკა აზარიაშვილი (ბიარიცი, უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ჩენტრი, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 80 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, უკეპო), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

rugby.ge