ლევან მაისაშვილი - თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის | მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2020 წლის სეზონის დასკვნითი ტურის მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ „დათვები“ ანგარიშით 16:7 დაამარცხეს. ნამატჩევს „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა ლევან მაისაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეტოქის დიდი სხვაობით დამარცხება ვერ მოხერხდა:
„ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით“.
დავალება იყო, რომ ერთი-ერთზე ორთაბრძოლები მოგვეგო და ბურთს გავფრთხილებოდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული და თამაში გაგვიფუჭეს. ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქეს დროის გაკონტროლების შესაძლებლობა მივეცით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო.
შესაძლოა ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით“.
„ბორჯღალოსნების“ თამაშში შეუთამაშებლობა შეინიშნებოდა, რაც გადახალისებულ შემადგენლობასთან ერთად, მწვრთნელის თქმით, ლეგიონერების დაგვიანებით ჩამოსვლის შედეგია:
„პირველ თამაშზე საქართველოს ნაკრებს მუდმივად უდგას ეს პრობლემა. მატჩამდე სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ მოთამაშეები მაღალი კლასის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ვერ ახერხებენ დროულად ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რანგით დაბალი დონის გუნდებს დიდი სხვაობით მოვუგოთ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.
დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა შანსი, ბევრი მათგანი პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა მათ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ შეცდომები გამოცდილ მოთამაშეებსაც ჰქონდათ და ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს“.
გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან თამაშს მუდამ თან ახლავს ემოციების ზღვა, რის გამოც გუნდი ხშირად გაუაზრებელ ჯარიმებს იღებდა და ამან მეტოქეს მატჩში ბოლომდე დარჩენის საშუალება მისცა:
„ეს არ იყო რუსეთთან ყველაზე მძიმე თამაში. დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი ამ თამაშით არ იქნება ბედნიერი და დიდად არც ჩვენ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, იმდენად ემოციური და მძიმეა, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე. იგივე მოხდა ახლაც. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო ის, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც სწორედ ემოციების ბრალია. გასახდელში ბიჭები ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ამ თამაშშიო. ამის დაძლევა მარტივი არ არის, თუმცა ღვთის წყალობით ისტორიაში კიდევ ერთი მოგება ჩავიწერეთ და ესაა მთავარი“.
რუსეთის ნაკრების თავკაცმა, ლინ ჯოუნსმა „ბორჯღალოსნები“ შეაქო და აღნიშნა, რომ საკუთარი გუნდით კმაყოფილი იყო:
„ვერც კი წარმოვიდგენდით შესვენებისას ანგარიში 0:0 თუ იქნებოდა და ალბათ, ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ თამაშიდან. რთული შეხვედრა იყო. დავუშვით პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოც ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს. საქართველო ძლიერი იყო ბოჭვისა და კონტაქტის არეში. ის ცდილობს უკეთესი ხარისხის რაგბი ითამაშოს და უფრო წინ წაიწიოს. ჩვენ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია.“
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
V ტური (გადადებული მატჩი)
7 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო – რუსეთი 16:7
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.
ლელო: ლობჟანიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე
სინბინი: მოდებაძე
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი