ლევან მაისაშვილი - შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს, მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს, მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ #1TVSPORT

პორტუგალიასთან ფრედ, 25:25 დასრულებული თამაშის შემდეგ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შევძელით თავიანთ პოზიციებზე პირველი ნომრების ჩამოყვანა. ჯამში 11 ასეთი მოთამაშე მოვისაკლისეთ და ამის ძირითადი მიზეზი კორონავირუსი იყო. რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველ დღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კორონავირუსი ჰქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერც ერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ“.

„არ მინდა ღვაწლი დავუკარგო პორტიგალიელებს. ეს გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის, დღესაც ასე იყო და შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთეს. შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ ფუფუნება არ გვაქვს. არ გვყავს სრულფასოვანი მეორე და მესამე ნომრები და ეს უნდა იცოდნენ როგორც მწვრთნელებმა, ასევე თავად მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა. მოთამაშეებმა იმიტომ, რომ თუ ამ გუნდში ადგილის დამკვიდრება უნდათ ბევრი უნდა იშრომონ, ხოლო გულშემატკივრებმა იმიტომ, რომ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. როდესაც მოთამაშეს მიეცემა შანსი, უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს“.

„დერეფანში პრობლემები გვქონდა, რადგან დაგვაკლდა სამივე ძირითადი კვაჭი და ასევე, სამი ძირითადი გამომცხადებელი. ამას დაემატა ისიც, რომ შერკინებასა და დერეფანში ვერცერთი სრულყოფილი ვარჯიში ვერ ჩავატარეთ“.

„კვირის განმავლობაში ჯამში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება. ამიტომ, მონახაზის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცით რა სიტუაცია იქნება ხვალ და ზეგ პანდემიის კუთხით. დამოკიდებულები ვართ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე“.

მერაბ შარიქაძე: „ისეთ დეტალებზე უნდა ვიმუშაოთ, რაც სარაგბო ფუნდამენტია და რაზეც ყველაფერია დამყარებული. ამ ფუნდამენტთან მიმართებაში დღეს არაერთი პრობლემა შეგვექმნა“.

„სამწუხაროა 20-მატჩიანი მოგებების სერია რომ შევწყვიტეთ, მაგრამ ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს ემართება. კარგია, რომ თამაში არ წავაგეთ და დარწმუნებული ვარ გამარჯვებების სერია გაგრძელდება. იმედია, კორონავირუსიც მალე დასრულდება და ისეთ რაღაცეებზე აღარ მოგვიწევს ფიქრი, რაზეც ლევანმა ისაუბრა“.

„გულშემატკივარს მინდა მივმართო. თამაში რომ დამთავრდა პირდაპირ გასახდელში შემოვედით. არ მინდა გულშემატკივარს ეგონოს, რომ ისინი არ დავაფასეთ და ამიტომ არ დავარტყით საპატიო წრე, უბრალოდ, მოგვერიდა მათი გულების გახარება რომ ვერ შევძელით და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საპატიო წრის დარტყმა არ გვეკუთვნოდა, ამის ღირსები არ ვიყავით. ყველას ვთხოვ, ჩვენი ეს საქციელი სწორად გაიგოს“.

rugby.ge