ლევან მაისაშვილი - რუმინეთს თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ უნდა მივცეთ [ფოტო] #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - რუმინეთს თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ უნდა მივცეთ [ფოტო] #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი გასვლითი გამარჯვების შემდეგ ლევან მაისაშვილის გუნდი რუმინელებს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 28 მარტს, 15:00 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთთან შეხვედრის წინ, პირველი ღია ვარჯიში გამართა. მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ვარჯიშის შემდეგ რუმინეთთან მატჩზე ისაუბრა:

„რუმინეთთან თამაშისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ბოლო კვირა ფრენებით დატვირთული იყო. შევეცადეთ, მოთამაშეები სრულფასოვნად დაგვესვენებინა. სამი ვარჯიში ჩავატარეთ – დაბალი, საშუალო და მაღალი ინტენსივობის, შესაბამისად გუნდი კარგად არის მომზადებული. სამწუხაროდ გვაქვს ტრავმები: ლობჟანიძე ისევ ვერ ითამაშებს, ნინიაშვილს მცირე ტრავმა აქვს, ხოლო მოდებაძეს წელზე აქვს პრობლემები და ამიტომაც, მათ გარეშე მოგვიწევს მოედანზე გასვლა.

რაც შეეხება რუმინეთის ნაკრებს, თუ მათ მოწინააღმდეგისთვის საკუთარი თამაშის თავზე მოხვევა შეძლეს, რაც კარგად გამოსდით, მეტოქეს პრობლემას უქმნიან. თუ შეხვედრა ჩვენი სცენარით წარიმართება, გამარჯვებაც რეალური იქნება. სწორედ აქ არის მოსაძებნი ის გასაღები, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.“

VS რუსეთი

„რუსეთთან მატჩი შეკრების მესამე კვირას ჩატარდა. გუნდი მეტად იყო მომზადებული და შეთამაშებული. ხედავთ, რომ შემადგენლობა არათუ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, არამედ შემოდგომის ერთა თასის შემდეგაც კი დაახლოებით 50-55 პროცენტით არის გადახალისებული. ამიტომაც, ამ ბიჭებს შესათამაშებლად დრო სჭირდებათ.

რაც შეეხება ხელდახელ და გაშლილ თამაშს, ამისთვის საჭიროა ძლიერი ორთაბრძოლა, შეჯგუფებების მოგება, ძალისმიერ თამაშში უპირატესობა, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის. მესმის, რომ გულშემატკივარს ეს მოსწონს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოწინააღმდეგე, რომლის წინააღმდეგაც ყოველთვის არ გამოგვდის მსგავსი თამაში.“

 

ქომაგი

„გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არაერთხელ მითქვამს, რომ მაყურებელი ალამაზებს რაგბს, მაგრამ ეს ჩვენთან განსაკუთრებით შეინიშნება. „ბორჯღალოსნებისთვის“ გულშემატკივარი არის მეთექვსმეტე მოთამაშე, რასაც თითოეული მორაგბე გრძნობს.“

 

ხარისხი და ტემპი

საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი:

„სასიამოვნოა, რომ სამი გასვლითი გამარჯვების შემდეგ, საშინაო შეხვედრას ვატარებთ. რაც მთავარია, წელიწადნახევრის შემდეგ პირველად დაესწრება ჩვენს თამაშს მაყურებელი.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრებს, თამაშიდან თამაშამდე იგრძნობოდა ხარისხისა და ტემპის მატება. შევეცდებით მატჩი, არა მხოლოდ გამარჯვებით, არამედ ხარისხიანი თამაშითაც დავასრულოთ. გუნდში ბევრი ცვლილებაა, არიან დებიუტანტები და ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც კარგად ინტეგრირდნენ გუნდში და ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ.“

ცოტნე შაორშაძე