ლევან მაისაშვილი - პროგრამა მინიმუმი ორი შეხვედრის მოგებაა, თუმცა ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა დაასახელა. 20 ივნისიდან გუნდი „შევარდენის“ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბება და მზადებას დაიწყებს.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, შეკრებაზე კონკრეტულად ის მორაგბეები გამოიძახეს, რომლებიდანაც საბოლოოდ საფრანგეთში წამსვლელი 33 მოთამაშე შეირჩევა. შეკრებაზე გამოძახებული 39 მოთამაშის გარდა, არის სარეზერვო ჯგუფიც.
„ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა მზადების გეგმებსა და მსოფლიო თასზე დასახულ მიზნებზე კომენტარი გააკეთა.
ლევან მაისაშვილი: „2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე, წელს მიდგომა შევცვალეთ. რადგან მოსამზადებლად არც ისე ბევრი დრო გვაქვს, მივედით დასკვნამდე, რომ ჯობდა მზადება მაქსიმალურად ოპტიმალური, მოქნილი ჯგუფით დაგვეწყო და არა 45 ან 50-კაციანი შემადგენლობით. ეს არ არის სასელექციო შეკრება. ვემზადებით უშუალოდ მსოფლიო თასისთვის და არჩევანიც აქედან გამომდინარე გავაკეთეთ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სელექციისა და დაკვირვებისთვის საკმარისი დრო გვქონდა. გვყავს რეზერვის მოთამაშეები და თუ ძირითადი ჯგუფიდან რომელიმე მოთამაშეს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, მათი ჩანაცვლება მოხდება.
რეზერვის მოთამაშეები სპეციალური პროგრამით, ინდივიდუალურად ივარჯიშებენ. ისინი პროფესიონალები არიან და თავად არიან პასუხისმგებელი ფიზიკურ კონდიციაზე“.
მოთამაშეთა ნაწილი გუნდთან ერთად შეკრებაზე პირველივე დღიდან იქნება, მაგრამ საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჯერ ვერ ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა ასე ახსნა:
„საფრანგეთის ტოპ 14-ის რამდენიმე მოთამაშეს დასვენება სჭირდება. ბექა საღინაძეს და გურამ გოგიჩაშვილს სეზონის განმავლობაში ბევრი თამაში მოუწიათ. მცირე ტრავმა აქვს გიგაშვილს, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე და ლუკა ჯაფარიძე. ისინი შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან და მათზე სამედიცინო ჯგუფის წევრები იზრუნებენ“.
გეგმა და მიზნები
„დეტალურად გვაქვს გაწერილი თითოეული დღე. ვარჯიშები იქნება კომბინირებული და არცერთი დღე არ ჩაივლის რაგბის ელემენტების გარეშე. ნებისმიერი ფიზმომზადების ვარჯიში გაჯერებული იქნება სარაგბო ელემენტებით. პირველ ორ ეტაპს „შევარდენზე“ გავივლით, რის შემდეგაც გვექნება ორკვირიანი შეკრება უცხოეთში, ორი ვარიანტი გვაქვს და საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაგვიკეთებია.
შინ დაბრუნებულებს ორი საკონტროლო თამაში გველის თბილისში, რის შემდეგაც ედინბურგში გავემგზავრებით, შოტლანდიასთან მატჩის მეორე დღეს კი ლა როშელში ჩავალთ“, – აღნიშნავს მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე საქართველო ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისა და პორტუგალიასთან ითამაშებს. მაისაშვილის თქმით, პროგრამა მინიმუმი ორი თამაშის მოგებაა:
„ავსტრალიას და ფიჯის მსოფლიო თასამდე ტურნირები ელით და მათი თამაშის ხილვის შესაძლებლობა გვექნება. ედი ჯონსის ფილოსოფია ყველასათვის ცნობილია. ვიცით, რა სტილის რაგბს თამაშობენ ფიჯი და უელსი, პორტუგალია კი ყველაზე კარგად ნაცნობი მეტოქეა. მათთვის ჩვენ ამ მსოფლიოზე ერთადერთი სამიზნე ვიქნებით და მარტივი თამაში არ გველოდება.
მსოფლიო თასზე პროგრამა მინიმუმი ორი შეხვედრის მოგებაა, თუმცა ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო