ლევან მაისაშვილი - გვეძლევა შანსი, გადაბმულად გვქონდეს მაღალი დონის შეხვედრები
ლევან მაისაშვილი - გვეძლევა შანსი, გადაბმულად გვქონდეს მაღალი დონის შეხვედრები

საქართველოს ნაკრების წევრებმა „შევარდენის“ ბაზაზე შემოდგომის მატჩებისთვის მზადება დაიწყეს.

პანდემიის გათვალიწინებით, ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე,  ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი: „ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რასაც ვერც კი ვინატრებდით. გვეძლევა შანსი, გადაბმულად გვქონდეს მაღალი დონის შეხვედრები, რისი საშუალებაც ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში ერთად აღებული არ გვაქვს ხოლმე.

ჩვენი პრობლემა სულ იყო ტიერ1-ის გუნდებთან თამაშის ნაკლებობა, ახლა კი კვირიდან კვირამდე ამის შესაძლებლობა გვექნება, რაც კარგია, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. ამავდროულად, ესაა დიდი პასუხისმგებლობა და გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. COVID-19-ის პირობებში, აბსოლიტურად შეგვეცვალა გეგმა და სხვა რეჟიმში მოგვიწვია გადასვლა. ყოველდღიურ პრობლემებს ემატება გადაფრენა, შეუთამაშებლობა, ის, რომ საქართველოს ჩემპიონატი გვიან იწყება და ა.შ“.

გეგმის მიხედვით, 11 ოქტომბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც ნაკრებს ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მზადების მეორე ეტაპი დაიწყება.