ლევან კუტალიამ ბათუმის „დინამო“ დატოვა და „სამგურალში“ ითამაშებს #1TVSPORT
წყალტუბოს ,,სამგურალმა“ გამოცდილი ფორვარდი ლევან კუტალია დაიმატა, რომელიც ბოლოს ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ლევან კუტალიამ პროფესიული კარიერა მშობლიური ზუგდიდის კლუბ „მგლებში“ დაიწყო. 2008 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გადავიდა და ორი სეზონი სარაევოს „სლავიაში“ გაატარა, შემდეგ კი ერთი წელი „ზრინსკში“ თამაშობდა.
2012 წელს ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა, სადაც წლების განმავლობაში რამდენიმე გუნდი შეიცვალა – ითამაშა როგორც მთავარ, ისე პირველ ლიგაში. 2017 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. 2018 წლის დასაწყისში კუტალიას მიერ გატანილი გოლით „ტორპედომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ქვეყნის თასიც მოიპოვა.
2019 წელს ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც საქართველოს ჩემპიონი (კარიერაში მეორედ) და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
2020 წლიდან პავლოდარის „ირტიშის“ (ყაზახეთი) წევრი იყო, მერე კი ისრაელში გაემგზავრა. ასევე, იყო სომხეთის „ალაშკერტის“ წევრი.