ლევან კუტალია: „შერიფთან“ წაგების შემდეგ კრიტიკაზე ვინერვიულე და საავადმყოფოში ამიტომ მოვხვდი
საავადმყოფოში მოხვედრილმა „ტორპედოს“ ფეხბურთელმა პირველი კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების „ვიკინგური“ 3:0 დაამარცხა. მაგრამ მესამე გოლის ავტორი, ლევან კუტალია გუნდს განემეორებით შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
29 წლის გუნდის ბომბარდირი მატჩის დასრულების შემდეგ, ჰაერის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“თამაშის შემდეგ თავი ცუდად ვიგრძენი და საავადმყოფოში გადამიყვანეს. დღეს გულის გამოკვლევა ჩამიტარდა და საბედნიროდ, აღმოჩნდა, რომ საშიში არაფერია. მიზეზი კი აღმოჩნდა გადაღლა, სტერსი და უჰაერობა. 5 დღე დავისვენებ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადები. ყველაფერი იქიდან დაიწყო, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფთან“ რომ დავმარცხდით. გასვლაზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გავიტანე, რასაც ჩემს მიმართ სერიოზული კრიტიკა მოჰყვა და ამაზე ძალიან ვინერვიულე. ფარერებთან გატანილ გოლზეც გამაკრიტიკეს, როდესაც ჟესტი ვაჩვენე, რომ კრიტიკოსები გაჩუმდით-მეთქი. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს აეწყო. მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და გუნდს მალე შევუერთდები” – ამბობს კუტალია.