ლევან კორღალიძე - „პარტიზანთან“ ფეხბურთელებმა ლაღად უნდა ითამაშონ და მხოლოდ მწვრთნელების დავალებები არ უნდა შეასრულონ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - „პარტიზანთან“ ფეხბურთელებმა ლაღად უნდა ითამაშონ და მხოლოდ მწვრთნელების დავალებები არ უნდა შეასრულონ #1TVSPORT

„იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირანას „პარტიზანთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„ამ ფეხბურთელების 80%-თან უკვე მიმუშავია და ამაში გამიმართლა, რადგან ეს დიდი პლუსია. ამან თამაშისთვის მზადების პროცესიც გამიმარტივა.

მიჭირს იმაზე საუბარი, გუნდს ჩემპიონატში რთული პერიოდი რატომ დაუდგა. ჩემამდე გიორგი მიქაძემ ნაყოფიერად იმუშავა, რაც იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ „პარტიზანთან“ დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს. მე მხოლოდ ჩემი დაბრუნების შემდგომ ორკვირიან ციკლზე შემიძლია ვისაუბრო. ამხანაგური თამაშები გავმართეთ და ვთვლი, რომ კარგად გამოვიყურებით.

ორჯერ მყავს გუნდი ევროტურნირის შემდეგ ეტაპზე გაყვანილი, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ კლუბის დატოვება მომიხდა. ახლა არა მხოლოდ კლუბს, არამედ ქვეყანასაც წარმოვადგენთ. ამის გამო ხვალინდელ და განმეორებით მატჩს დიდი იმედით ველოდები.

მაკარიძის სახით გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ. მიხარია, რომ მან არჩევანი ჩვენს კლუბზე შეაჩერა. შეხვედრაში ოთარ მამაგეიშვილი, თორნიკე ასკურავა და დანიელ ქვარცხავა დაგვაკლდებიან.

„პარტიზანის“ რამდენიმე თამაში ვნახე, დაბალანსებული გუნდია, მაგრამ როგორც ყველა გუნდს, მინუსები „პარტიზანსაც“ აქვს. ჩვენი სურვილია, ფეხბურთელებმა ლაღად ითამაშონ და მხოლოდ ის არ გააკეთონ, რასაც მწვრთნელი ავალებთ“, – განაცხადა კორღალიძემ.

კონფერენეს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიისა“ და „პარტიზანის“ მატჩი 25 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.