ლევან კორღალიძე „ლოკომოტივს“ დაემშვიდობა - მე თქვენ პირველ ადგილზე გტოვებთ
ლევან კორღალიძე „ლოკომოტივს“ დაემშვიდობა - მე თქვენ პირველ ადგილზე გტოვებთ

თბილისის „ლოკომოტივში“ ლევან კორღალიძე აღარ იმუშავებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი მოთამაშეებს უკვე დაემშვიდობა და ერთად გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბოდიშის მოხდით მინდა დავიწყო – ასეთ რთულ ვითარებაში და შუა გზაში მიწევს თქვენი დატოვება, არ იფიქროთ, რომ ჩემს პირად კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო ვაკეთებ ამას – ასე არაა. თქვენს წინაშე ყალბი და არასამართლიანი არასდროს ვყოფილვარ. მაპატიეთ, თუ ვინმესთვის ზედმეტად მკაცრი ვიყავი. ბოდიში თუ ვინმეს ისე ვერ დაგიდეგით გვერდში, როგორც საჭირო იყო. მე მთელი გულით და სულით გემსახურეთ – რასაც ვაკეთებდით, სიყვარულით ვაკეთებდით. თქვენთან გატარებული ეს ერთი წელი ჩემ ცხოვრებაში წარუშლელ კვალს დადოვებს და ამაყად გტოვებთ, რადგან ამ მოკლე ხანში უკვე დიდი ისტორია შევქმენით და პირველ ადგილზე გტოვებთ“ – ასე მიმართა ლევან კორღალიძემ მოთამაშეებს.

ლევან კორღალიძე თბილისელთა მთავარი მწვრთნელი 2019 წლის 9 აპრილს გახდა და ბოლო ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგის საგზურის მფლობელი გახადა, ხოლო წელს, 2 ტურის შემდეგ მისი გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის გათამაშებას ლიდერობდა.