ლევან კორღალიძე - კონფერენსლიგაზე „იბერია“ საქართველოს წარმოადგენს და მინდა, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „იბერიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან კორღალიძე დაბრუნდა. ის გუნდს ადრეც ავარჯიშებდა და 2021 წელს საქართველოს თასი მოიგო.
კორღალიძემ „იბერიაში“ დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი კონფერენსლიგაზე გამოსვლით ქართველ გულშემატკივარს გაახარებს.
„მინდა, გუნდის ხელმძღვანელებს დიდი მადლობა გადავუხადო. იციან, რომ თავს არ დავზოგავ, რათა „იბერია“ ისევ ისეთი წარმატებული იყოს, როგორც აქამდე. ასევე, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო გიორგი მიქაძის და მისი სტაფის ძალიან პროდუქტიული მუშაობა, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა.
ვიცოდი, სადაც მოვდიოდი, მე ამ გუნდის მჯერა. მოთამაშეების 80 პროცენტს კარგად ვიცნობ. ძალიან დიდი იმედით ვარ მოსული და მინდა, რომ კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე „იბერიამ“ წარმატებით ითამაშოს. ეს არაა მხოლოდ კლუბის გამოსვლა, ჩვენ საქართველოს სახეს წარმოვადგენთ და მინდა, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნაკრების წარმატებით უდიდესი ბედნიერება განიცადა“, – ამბობს ლევან კორღალიძე.