ლევან კორღალიძე - ჩემპიონთან ფრე მხოლოდ ნაწილობრივ მაკმაყოფილებს #1TVSPORT
„საბურთალომ“ ბათუმის „დინამოსთან“ გასვლით შეხვედრაში ქულა პირველად მოიპოვა. თბილისელებმა ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 2:2 დაასრულეს.
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მოქმედ ჩემპიონთან ფრე სასიამოვნოა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს.
„ქულით კმაყოფილი მე არასოდეს არ ვარ. ჩემი გუნდი მოედანზე მოსაგებად გადის და მოსაგებად ვთამაშობთ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ ფრე კანონზომიერი შედეგია. ჩვენ მოქმედ ჩემპიონს ვეთამაშებოდით და ამით ყველაფერი ნათქვამია – ძალიან ძლიერი მეტოქეა. ამიტომ დღევანდელი შედეგით და თამაშით მხოლოდ ნაწილობრივ ვარ კმაყოფილი“, – ამბობს ლევან კორღალიძე.
ეროვნული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრას „საბურთალო“ 19 მარტს გამართავს – გუნდი „მიხეილ მესხი – არენაზე“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ამ დაპირისპირებაზეც ილაპარაკა:
„ამ მატჩზეც იმავეს ვიტყვი, რასაც ბათუმის „დინამოზე“ – ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მოსაგებად გავალთ. შემდეგ თამაშის მსვლელობას გვაჩვენებს, რას შევძლებთ. ჩვენ მიზანი გვაქვს დასახული და ამისთვის ვიბრძვით. მიზანი კი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა“, – ამბობს კორღალიძე.