ლევან კობიაშვილმა უეფა-ს პროექტზე ისაუბრა - ფეხბურთი მასობრივი უნდა გახდეს, თამაშის საშუალება ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს​​ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილმა უეფა-ს პროექტზე ისაუბრა - ფეხბურთი მასობრივი უნდა გახდეს, თამაშის საშუალება ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს​​ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში უეფა-ს საპილოტე პროექტის, „ფეხბურთი სკოლებში“ შესახებ, რომელშიც თავადაპირველად ათამდე სკოლა ჩაერთვება.

„კლასიკურ გიმნაზიაში უკვე ტარდება ვარჯიშები ბავშვებისთვის სრულიად უსასყიდლოდ. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას და დირექტორს, ქალბატონ თამარ კაპანაძეს ჩართულობისთვის“, – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი ქვეყანაში რაც შეიძლება მასობრივი გავხადოთ და თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თამაშის საშუალება. ამ პროექტს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლებში განვახორციელებთ“, – აცხადებს სფფ-ის პრეზიდენტი.

წლის ბოლომდე ათამდე სკოლის ჩართვა იგეგმება საპილოტე პროექტში, რომელიც ითვალისწინებს პირველ-მეორე კლასელი ბავშვების (გოგონების და ბიჭების) სკოლის მოედნებზე რეგულარულ ვარჯიშებს – საწვრთნელ პროცესს უეფა-ს ლიცენზირებული მწვრთნელები ჩაატარებენ, მონაწილეობა კი სრულიად უფასო იქნება.

ღონისძიება უეფა-ს ყოველწლიური მასობრივი კვირეულის ფარგლებში დაიწყო. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.