ლევან კობიაშვილის მიერ „ბაიერნის“ კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ დაასახელეს
ლევან კობიაშვილის მიერ „ბაიერნის“ კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ დაასახელეს

ლევან კობიაშვილის მიერ მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გატანილი გოლი ყველაზე ლამაზად მიიჩნიეს.

გელზენკირხენის „ფელტინს არენა“ დღეს ბუნდესლიგის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლებს – „შალკე04“ მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა „შალკე“-„ბაიერნის“ დაპირისპირებებიდან 10 ყველაზე ლამაზი გოლი გაიხსენა და ამ სიაში ფეხბურთის ვარსკვლავების გოლები მოხვდა, მაგრამ საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის გოლი დაასახელეს.

„წარსულში „შალკე 04“-სა და „ბაიერნის“ შეხვედრებში ბრწყინვალე გოლები გასულა. ბუნდესლიგა ამ გუნდებს შორის გამართული მატჩებიდან ათ ულამაზეს გოლს წარმოგიდგენთ“, – წერია ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც ახლავს ამ გოლების ამსახველი ვიდეო.

საუკეთესო გოლებში ასევე მოხვდა ნადლოს, რობერტ ლევანდოვსკის, არტურო ვიდალის, ივან რაკიტიჩის, ტომას მიულერის, მარიო ბასლერის, სტეფან ეფენბერგის, ინგო ანდერბრუგეს, ბასტიან შვაინშტაიგერის და მიხაილ რუმენიგეს ულამაზესი გოლები.

რაც შეეხება კონკრეტულად ლევან კობიაშვილის გოლს, ის საქართველოს ნაკრების ყოფილმა ლიდერმა 2006 წლის 5 ნოემბერს „ფელტინს-არენაზე“ გაიტანა, შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 დასრულდა.