ლევან კობიაშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანი არის მატჩი, რომელიც 26 მარტს გაიმართება
ლევან კობიაშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანი არის მატჩი, რომელიც 26 მარტს გაიმართება

გადაცემა „ტაიმაუტის“ დღევანდელი სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო.

კობიაშვილი ქართულ ფეხბურთში მიმდინარე რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება კი 26 მარტს, ბელორუსთან ჩასატარებელ მატჩზე გაამახვილა:

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და ფინალი არის მატჩი, რომელიც 26-ში გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის ყველა წევრი ასე ფიქრობს. ამას გრძნობენ ფეხბურთელები, ძალიან დიდი პასუხისმგბელობა აქვთ და მიზანი გვაქვს ის, რომ სრულფასოვნად მოვემზადოთ ბელორუსთან თამაშისთვის და მე მჯერა, რომ გუნდი ამ წარმატებას მიაღწევს.“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ჩატარებული მატჩები შეაფასა და მიღწეული შედეგით უკმაყოფილება გამოთქვა:

„უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები და უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ იქნება ეს დანია, შვეიცარია, თუ ირლანდია ერთი თამაში მაინც მოვახერხოთ და მოვიგოთ.“

„ერთა ლიგას ჰქონდა სხვა დატვირთვა და იყო მინიტურნირივით. შესარჩევში კი თითქმის ყოველთვის გვქონდა პრობლემები. არა აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად“.

ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ უნიკალური შანსი და შეუძლებელია, რომ მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდნენ:

„რა უნდა იყოს იმაზე დიდი მოტივაცია, რომ შენ შეგიძლია ეს ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ფეხბურთისთვის გააკეთო. მე ეს ვერ შევძელი, რაც დღემდე ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილია. ამ თამაშით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ საშუალება, როცა კარიერას დაასრულებენ ჩემსავით არ იგრძნონ თავი“.

ლევან კობიაშვილმა ვლადიმერ ვაისის გარშემო ატეხილ ხმაურზეც ისაუბრა და უარყო ჭორები, თითქოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას მრტამდე დატოვებს:

„ვლადიმერ ვაისი მარტის ჩათვლით ოფიციალურად არის ნაკრების მწვრთნელი და ეს ჩვენთვის თემა დახურულია, მწვრთნელს აქვს კონტრაქტი და ვემზადებით მარტის თამაშებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის „დ“დივიზიონის ფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ბელარუსის წყვილში გამარჯვებული ქვეყანა უმასპინძლებს. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შინ გამართავს.