ლევან კობიაშვილი - ვისურვებდი, რომ სურმავას მსგავსი ადამიანი ყველა რეგიონში გვყავდეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კომენტარები გააკეთეს იმ ჯილდოზე, რომელიც ჯესი სურმავას უეფა-მ გადასცა. ახალგაზრდა მწვრთნელმა მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. ამ პროექტისთვის, სფფ-ის „გრასრუტის“ კოორდინატორი 2020 წლის უეფა-ს Grassroots Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ჯილდო წლის საუკეთესო „გრასრუტ“ ლიდერის ნომინაციაში გადაეცა.
აღნიშნულ ნომინაციაზე ქართველი „გრასრუტის“ კოორდინატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა. დაჯილდოების დაარსებიდან დღემდე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯილდოები 36 ქვეყნის 96 წარმომადგენელს გადასცა. ჯესი სურმავა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც უეფა-ს Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მოიგო, ხოლო ვერცხლის პრიზი 2018 წელს უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მოყვარულთა ლიგის და თასის კონცეფციისთვის გადაეცა.
„ეს ჯილდო ძალიან საამაყოა, მინდა პირველ რიგში, მივულოცო ჯესის, მთლიანად ჩვენს გუნდს და ქართულ ფეხბურთს. ჯესი არის მაგალითი იმ სხვა უამრავი ადამიანებისთვის, ვინც ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობენ. მე პირადად ვისურვებდი, რომ მისნაირი ადამიანი ყველა რეგიონში გვყავდეს. ჯესის მიერ განხორციელებული პროექტი მარტვილელი ბავშვებისთვის ფეხბურთში ჩართულობის მხრივ ძალიან ხელშემწყობი იყო. ამ პროექტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ კუთხით, რომ დღეს ჩვენ ბევრად მეტი ადამიანი და ბავშვი გვყავს ჩართული ფეხბურთში, ვიდრე მანამდე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც ფეხბურთს წლების განმავლობაში აღარ თამაშობენ და ამ პროექტმა სწორედ ეს შეძლო“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
ჯესი სურმავა, სფფ-ის „გრასრუტის“ კოორდინატორი:
„2011 წელს მარტვილი იყო პირველი პრეცენდენტი, რომელმაც შეძლო მუნიციპალურ ბალანსზე ჩამოეყალიბებინა საფეხბურთო სკოლა. ჩვენთვის პრიორიტეტული მასობრივი ფეხბურთის განვითარება იყო – ამ საფეხბურთო სკოლის დაარსების საფუძველი სწორედ ეს გახდა. ბავშვების პიროვნულ ჩამოყალიბებაში ჩვენი საფეხბურთო სკოლა უდიდეს როლს თამაშობს. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასობით ადამიანს ჯანსაღად ცხოვრების საშუალება მივცეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაუარესებული სოციალური მდგომარების ფონზე. კმაყოფილები ვართ იმით, რა სახითაც დღემდე მოვედით, მომავალში კი ჩვენ რეგიონში გვექნება ის ბაზა, რომელიც სრულად მოემსახურება, როგორც სასკოლო განათლებას, ასევე მასობრივ ფეხბურთს“.
ნიკა ჯღარკავა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:
„ის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაატყდა თავს, ადეკვატურად აისახა შემდეგ ქართულ ფეხბურთზეც, თუმცა დღეს გვაქვს გამოღვიძების პერიოდი“.