ლევან კობიაშვილი - ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი ვიქნები, გარიგებულ მატჩებთან შეურიგებელი პოზიცია მექნება
„იყო ლაპარაკი, რომ პაატა ღუდუშაურთან მიმართებაში პროკურატურის მიღებული გადაწყვეტილება იყო გამამართლებელი გადაწყვეტილება და მას არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. უნდა დავაზუსტო, რომ განრიდება არ არის გამართლება, ეს არის აღიარება. პაატამ აღიარა ის ბრალი, რაც წაუყენეს” – ეს სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საგანგებო ფეისბუქკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიტ ჯორჯიას“ ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური 2019 წლის მაისში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალის შედეგად, კიდევ ოთხ პირთან ერთად დააკავეს. ამჟამად ღუდუშაური თავისუფალია.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: „სანამ მე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტი ვიქნები, გარიგებულ მატჩებთან და მასში რაიმე სახით მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით შეურიგებელი პოზიცია მექნება. საფეხბურთო ტრიბუნალმა ღუდუშაურთან დაკავშირებული გარემოებები გაითვალისწინა და შეცვალა გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის მიუღებელი და მტკივნეული გადაწყვეტილებაა“.