ლევან კობიაშვილი - „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არასწორი კომენტარები გააკეთეს
ლევან კობიაშვილმა ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩებისა და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისის „ტორპედოს“ ფინანსურ პრობლემებზეც ილაპარაკა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისთვის ამ თემაზე გაკეთებული კომენტარები მიუღებელი აღმოჩნდა.
„ქუთაისური კლუბის ბიუჯეტი შარშან 11 მილიონი იყო. აქედან ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდიდან 1,5-2 მილიონი მიიღეს. ჰქონდათ შემოსავალი და სახელფასო ფონდი გაზარდეს. თუმცა, შეექმნათ პრობლემები ინვესტორთან დაკავშირებით და ასეთ დროს, ფედერაციისკენ ხელი არ უნდა გავიშვიროთ. პრობლემები ინვესტორის გამო შეიქმნა. ახლა საყვედურებია ამ პროგრამაზე, მაგრამ ამ დაფინანსების გარეშე „ტორპედო“ ისევ მუნიციპალურ კლუბად დარჩებოდა“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გუნდის პრობლემებზე ლაპარაკი გაუმართლებელია:
„ველაპარაკე ფეხბურთელბსაც და მწვრთნელებსაც და და ჩემი აზრით, ძალიან არასწორი კომენტარები გააკეთეს. „ტორპედოს“ ბოლომდე გვერდში დავუდგები. მაგრამ ეს გუნდი სულ იქნება, ჩემთვის კი გაუგებარია ის უაზრო კომენტარები, რაც „ტორპედოს“ წარმომადგენლებმა გააკეთეს. რას ნიშნავს არ ვითამაშებ და გუნდი დაიშლება? გაცილებით დიდი ქვეყნებია, სადაც ხელფასებს ექვსი თვე ვერ იღებენ, მაგრამ არ ამბობენ, რომ სათამაშოდ არ გავლენ. პრობლემები ერთად გადავჭრათ და პატივი ვცეთ გუნდს, გულშემატკივრებს და მოვეშვათ ამ უაზრო კომენტარების კეთებას“.