ლევან კობიაშვილი: შევეცდებით, მუნდიალის საგზურისთვის მებრძოლ ორ გუნდში მოხვდეთ
ლევან კობიაშვილი: შევეცდებით, მუნდიალის საგზურისთვის მებრძოლ ორ გუნდში მოხვდეთ
ლევან კობიაშილმა ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშების წილისყრა შეაფასა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
 
C2 ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები იქნებიან სომხეთი, ესტონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.
„პირველი გათამაშების შემდეგ, როგორც ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულები მომავალ სეზონში C დივიზიონში ვიასპარეზებთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ დღევანდელ წილისყრაზე C დივიზიონის პირველ კალათაში ვიყავით განთესილი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ამ გზით კი, ჩვენ შევეცდებით, რომ იმ ორ საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ“ – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ორგანიზაციის პრეს-სამსახურთან გაკეთებულ კომენტარში.
ლევან კობიაშვილის აზრით, ერთა ლიგის ფორმატმა გაამართლა: „ამის შესახებ მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. ვთვლი, რომ ახალმა გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტურნირი სპორტული კუთხით არის საინტერესო. ის სხვადასხვა დივიზიონებში მოასპარეზე გუნდებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვედრის საშუალებას აძლევს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთა ლიგამ ჩაანაცვლა ამხანაგური მატჩები და ამის შედეგად თითოეულმა შეხვედრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა“.