ლევან კობიაშვილი - საფეხბურთო კლუბი „შტურმი“ ბევრისთვის მაგალითია #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - საფეხბურთო კლუბი „შტურმი“ ბევრისთვის მაგალითია #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სართიჭალის ახალაშენებული სტადიონი დაათვალიერა, სადაც მან კომენტარი ფეხბურთის განვითარებაში ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გააკეთა.

„ახალი საფეხბურთო ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელდა. პროექტის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, დასრულებულია მოედნის მშენებლობა. ადგილობრივ კლუბსა და აკადემიის აღსაზრდელებს უკვე აქვთ საშუალება, ადგილზე ივარჯიშონ.

ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ვნახე, თუ რა პირობებში თამაშობდა სართიჭალის „შტურმი“, რომელიც იმ პერიოდში დაბალ ლიგაში ასპარეზობდა. წელს კლუბს სპორტულად მაღალი მიღწევები აქვს და უკვე მეორე ლიგაში ასპარეზობს. წარმატებებს ვუსურვებ ახალ სეზონში. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აქ შეიქმნა, კიდევ ერთი მონაპოვარია ქართული ფეხბურთისთვის.

საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და წლების განმავლობაში უკვე არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ფიფა-სა და უეფა-ს მხარდაჭერით.

მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურა შეემატა ჩვენს ქვეყანას, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ბავშვები, ისე საფეხბურთო კლუბი „შტურმი“. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო კლუბს, რომელიც მაგალითია ბევრისთვის და განსაკუთრებით ამ ბავშვებისთვის. მათ ყველაზე დაბალი ლიგაში დაიწყეს ასპარეზობა და ხანმოკლე დროში შეძლეს მეორე ლიგაში გადასვლა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტების საშუალებით უფრო მეტ ბავშვს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ფეხბურთში და გავაძლიეროთ სპორტის ეს სახეობა ქვეყანაში“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.