ლევან კობიაშვილი - ნუცუბიძეზე საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მორიგ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. ახალი საფეხბურთო ობიექტი ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში იქნება – პროექტის მშენებლობა დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან, ვიცე პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად მოინახულა.
პროექტით გათვალისწინებულია ერთი სტანდარტული და ერთი მინიმოედნის (7×7 მოედანი) მშენებლობა, სადაც დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა ტრიბუნა, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, სადაც გასახდელები განთავსდება.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ისევე როგორც სხვა საფეხბურთო ცენტრები, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე სპორტულ კომპლექსს, ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მშენებლობას ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით ვახორციელებთ და მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პროექტია. ინფრასტრუქტურა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა. თუმცა, გასაკეთებელიც კიდევ ბევრია. მშენებლობა კარგი ტემპით მიდის და იმედია, აქ თამაშის საშუალება ბავშვებს მალე ექნებათ“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
მან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობასა და ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა:
„ასევე დაანონსებული გვაქვს ქუთაისის აკადემიისა და დიდ დიღმის საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ დედაქალაქსა და რაიონებში ინფრასტრუქტურისა და მოედნების მშენებლობას. მათი დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება“.
კახა ჭუმბურიძე, სფფ-ს ვიცე პრეზიდენტი:
„ეს ობიექტი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება და ამ რაიონის ბავშვებს მოემსახურება. ხელს შეუწყობს მათ საფეხბურთო განვითარებას, ამ არენით ასევე ქალთა საფეხბურთო გუნდები და მოყვარულები ისარგებლებენ. ჩემი აზრით, თბილისს კიდევ ერთი შესანიშნავი ინფრასტრუქტურა შეემატება“.