ლევან კობიაშვილი - მთლიანობაში წილისყრით კმაყოფილები ვართ
ლევან კობიაშვილი - მთლიანობაში წილისყრით კმაყოფილები ვართ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მოხვდა. დუბლინში გამართულმა წილისყრამ ჩვენი მეტოქეები გაარკვია – შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი.

ევრო 2020-ის წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ. შედეგებზე კომენტარი სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

„შეიძლება უფრო რთულიც და უფრო იოლი მეტოქეებიც ყოფილიყო. მთლიანობაში დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაშები იქნება და შესაძლოა, ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს. ფაქტია, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სახლის თამაშები იქნება, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ. საინტერესო შეხვედრები იქნება, მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კალენდარი, ვისთან დავიწყებთ… ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა მოგვიწევს. ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები ვართ“ – ამბობს კობიაშვილი.

სფფ-ს ვებ-გვერდთან ინტერვიუში პრეზიდენტმა მეტოქეებზეც ილაპარაკა: „სახლის თამაში იმ ფონზე, რომ სტადიონი ივსება, ძალიან დიდი უპირატესობაა და ეს ვიგულისხმე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საშინაო თამაშები, რომ იქ მოვახერხოთ ქულების აღება და თამაშის მოგება, განსაკუთრებით პირველ სამ გუნდთან. მგონია, რომ ძალიან დაძაბული ჯგუფი იქნება, შვეიცარიაც, დანიაც და ირლანდიაც კარგად დაკომპლექტებულია. სამივე გუნდს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია“.