ლევან კობიაშვილი - მჯერა, რამაზ სვანაძესთან ერთად ახალგაზრდული ნაკრები ბევრ წარმატებას მიაღწევს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კომენტარი გააკეთეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც, 42 წლის სპეციალისტი 21-წლამდელთა ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
„სასიხარულოა, რომ რამაზ სვანაძე ჩვენს გუნდში მუშაობას კიდევ ოთხი წლით განაგრძობს. ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მჯერა, რომ წინ არაერთი წარმატებული სანაკრებო ციკლი და ტურნირი გველის“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი – „უკვე ხუთი წელია, რაც რამაზ სვანაძესთან ერთად ვმუშაობთ და, 19-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული, არ გვქონია გამოწვევა, სადაც მასთან ერთად წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ეროვნული ნაკრების მუდმივი განვითარებისთვის 21-წლამდელთა ნაკრების წარმატებული თამაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ ორმაგად მიხარია, რომ ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორებიც ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტებია, ჩვენი წარმატებული სპეციალისტების შენარჩუნება შევძელით და მჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ“.
რამაზ სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, 5 წელია, მუშაობს. 2019-21 წლებში ქართველი სპეციალისტი 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან ახალგაზრდული ნაკრების სათავეშია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრალეთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილ შესარჩევ ციკლში 21-წლმადელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.