ლევან კობიაშვილი - მივმართავ ყველას, ვინც სტადიონზე მოვა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რაც თამაშის ხარისხზე გავლენას მოახდენს
ერთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები დღეს დაიწყება – საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო-არენაზე“ ლატვიას უმასპინძლებს.
შეხვედრამდე საგანგებო განცხადება გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
„დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. საქართველოს ნაკრები ლატვიას ხვდება და მოგების შემთხვევაში, ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მივმართავ გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რაც გავლენას მოახდენს თამაშის ხარისხზე, მსვლელობასა და შედეგზე. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს გავიმარჯვებთ და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”, – ამბობს კობიაშვილი.
ამასთან, დღეს დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა.
შსს-ს ინფორმაციით, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.
„ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. „ქართული მარშის“ წევრის, კოტე მორგოშიას განცხადებით, „თუ კაშია ბოდიშს მოუხდის ადამიანებს, რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეილახა, „ქართული მარში“ აქცია-პერფორმანსს სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, აღარ გამართავს“.
მორგოშიას განცხადებით, ისინი სტადიონზე სხვადახვა სექტორში გადანაწილდებიან და იქიდან გააპროტესტებენ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერას.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ერთა ლიგის D დივიზიონის მეორე ტურში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.
ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის „ფეისბუქზე“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.